Art Director – Founder

გელა კანდელაკი დაიბადა 1940 წლის 27 მაისს თბილისში, ცნობილი დოკუმენტალისტის, ირაკლი კანდელაკის ოჯახში. 17 წლის ასაკიდან დაიწყო თანამშრომლობა “ქართულ ფილმთან”. 1962 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, სარეჟისორო ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს მოსკოვის კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იგი თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგია.

გელა კანდელაკი

გარდა პროფესიული საქმიანობისა, 1969 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა შ. რუსთაველის სახელობის რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წელს ჩაატარა ლექცია-სემინარი ბერლინის კინოაკადემიაში, 2010 წელს მიწვეულ იქნა პედაგოგად ევროპის კინომატოგრაფიის სტუდენტების საერთაშორისო ვორქშოფზე „Summer MEDIA Studio 2010“ (International Workshop for European Film Students).

გელა კანდელაკი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალისა თუ კონკურსის ჟიურის წევრია.

აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ლიტველ ხელოვანებთან. გელა კანდელაკის ხელმძღვანელობით 2012 წელს ლიტვურმა დასმა ვილნიუსში დადგა სპექტაკლი “ბიჭუნა და თოლიები”, რომელიც დრამატული და ჩრდილების თეატრის სინთეზს წარმოადგენს. 2015-2016 წელს კლაიპედას თეატრალური უნივერსიტეტის ჯგუფი თბილისში მისი ხელმძღვანელობით დაოსტატდა ჩრდილების თეატრის სპეციფიკაში, სამსახიობო ოსტატობაში, დრამატურგიასა და რეჟისურაში.

2006 წლიდან თანამშრომლობს ფესტივალთან “თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოები”, რომლის ფარგლებში არაერთი მულტიმედიური წარმოდგენის თანაავტორია.

2009 წლიდან თანამშრომლობს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან, რომელთან ერთადაც არაერთი თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენის რეჟისორია.

2013 წელს ბაქოში დადგა ფარაჯ ყარაევის მონოოპერა “მოგზაურობა სიყვარულში”.

2011 წლიდან ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიასთან ერთად ორგანიზებას უკეთებს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს “ნიქოზი”. ამავე სოფელში მდებარე ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში ასწავლის ანიმაციასა და ჩრდილების თეატრის ხელოვნებას.

დაარსებული აქვს კინოსტუდიები „კვალი“ და „კვალი XXI”, „კინოცენტრი ქართული ფილმი – აფხაზეთი“, ხელის ჩრდილების თეატრი ”ბუდრუგანა”, „ბუდრუგანა – გაგრა“ და არის მათი სამხატვრო ხელმძღვანელი.

ფილმოგრაფია

“დღეს”  1965, 10 წთ. “ზაფხული გავიდა” 1965, 10 წთ. “გრძელი ღიღინი” 1966, 18 წთ. “საქართველოს მუზეუმი” 1968, 30 წთ. “ფეხბურთი უბურთოდ” (ლერი სიხარულიძესთან ერთად) 1969, 20 წთ. “ბავშვთა ნახატების გამოფენა” 1972, 20 წთ. “იმერეთი” 1979, 20 წთ. “ნოქალაქევი” (თენგიზ მოდებაძესთან ერთად) 1980, 30 წთ. “უბედურება” 1980, 75 წთ. “ვარძია” 1983, 30 წთ. “ხმელეთის 0,047%” 2008, 120 წთ.

ფილმისპექტაკლები

“ძველი ვოდევილები”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “იყო შაშვი მგალობელი” რეჟისორი: ოთარ იოსელიანი (მთავარი როლის შემსრულებელი).

სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერი

ანიმაციური ფილმები:

“ყორანი”, “ჭირი”, “ბაბილინა”, “ოჯახი”, “მოლოდინი”, “პორტრეტი”, “ეფემერა”, “ბატი ტასიკო”, “ტყვე”, “მონადირე”, “მგლის აღსარება”, “ვან გოგის უკანასკნელი წერილი”, “ვეფხვი და მოყრმე”

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი: “იაკობ გოგებაშვილი”

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები: “სვანეთი”, ”ქალბატონ მარიამ ბაგრატიონის უკანასკნელი მოგზაურობა”

კოპროდუქცია

უნგრულ-ქართული მხატვრული ფილმები: უცნობი ეპიზოდები ფიროსმანის ცხოვრებიდან, სულელი ბროწეულის ხე